ვარიანი

სოფელი ვარიანი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. გორი-ნიქოზი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონში, გორიდან 12 კილომეტრის მანძილზე. ვარიანი უძველესი დროიდან უნდა ყოფილიყო დასახლებული. ფეოდალურ ხანაში სოფელი და მისი შემოგარენი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართლის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ვარიანი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს საქართველოში შემოსული მტრის წინააღმდეგ წარმართულ ბრძოლებში. ფეოდალების, ბატონიშვილებისა და მეფის მოხელეებისაგან შევიწროებულმა ვარიანელმა გლეხებმა 1789 წელს

საჩივრით მიმართეს ერეკლე II-ს. კოშკი მდებარეობს სოფლის დასავლეთით, 0,4-0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 6,7 მეტრი), საცხოვრებელ-სათავდაცვო. ნაგებია რიყის ქვით. სართულშუა გადახურვებში და კარ-სარკმლების წირთხლებში გამოყენებულია აგური. კოშკს შეისრულთაღიანი შესასვლელი აღმოსავლეთით აქვს. კარი გარედან მოქცეულია ირიბად შეჭრილი სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია აგურის საფეხურიანი ფრიზით. პირველი სართული შიგნიდან წრიულია, მეორე - სწორკუთხა. კედელში, შესასვლელის გვერდებზე, თითო ფართო შეისრული ნიშია, რომლებშიც თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია: მათ ქვემოთ თითო სათოფურია. დასავლეთ კედლის ცენტრში, ნახევარწრიულ ბუხარში გაჭრილია ერთი სარკმელი-სათოფური. ბუხრის ორივე მხარეს თითო სათოფურიანი და შეისრული თაღით დასრულებული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში იატაკიდან იწყება დიდი შეისრულთაღიანი ნიში, რომელშიც მცირე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ მცირე ნიშია. შეისრულთაღიანი და სათოფურიანი თითო ნიში ამავე კედლის კიდეებშიცაა, ხოლო ერთი შეისრულთაღიანი და შეწყვილებულსათოფურიანი ნიში - სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე კედელშია დატანებული მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული წრიულია. შემორჩენილ კედლებში შეისრულთაღიანი სამი სარკმელი (საზარბაზნეები), ერთი ნახევარწრიული ბუხარი და რამდენიმე სათოფურიანი ნიშია. კოშკის შესასვლელის ზემოთ, აგურის წყობაში გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. ყველა სართული გადახურული იყო გუმბათოვანი კამარით. კოშკის მახლობლად, ადგილ ლელისთავებში, ნასოფლარზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და დიდი ქვევრის ნამტვრევები. გადმოცემით მოსახლეობა აქედან ლეკთა შემოსევების დროს, XVIII საუკუნეში აყრილა.