მეღვრეკისი


მეღვრეკისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ტირძნისის საკრებულო). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 840 მეტრი, გორიდან 30 კილომეტრი. სოფელში მდებარეობს გვიან ფეოდალური ხანის  იოანე ნათლისმცემლის სახელობის დარბაზული ეკლესია და კოშკის ნანგრევები


გორის რაიონის უკანასკნელი სასოფლო საბჭოა. იგი ცენტრიდან 32 კმ-ზე მდებარეობს. ცხინვალიდან კი - 4 კმ-ზე. მეღვრეკისში 186 კომლი ცხოვრობს, მასში შემავალ ერგნეთში --- 129. ამგვარად, მეღვრეკისის კოლმეურნეობა 315 კომლს აერთიანებს (16.07.1954 წ.). მეღვრეკისი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს. იგი ამბობს: "შერთულს ზეით, დიდ-ლიახვზედ, არს მეღვრიკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი".

იოანე ნათლისმცემლის  ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,8 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კარის ჩარჩო, კუთხეები და ზედა სარტყელი მოპირკეთებულია რუხი ქვით. სამხრეთით კარი და ორი სარკმელია, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - თითო სარკმელი. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სახურავი ორფერდაა. გადახურულია ღარიანი კრამიტით.