უფლისციხე


უფლისციხეკლდეში ნაკვეთი ქალაქიკავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრისმარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.